კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაიწყო, რომელშიც კომისიის ინფორმაციით, ევროპელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება და მის შედეგად ბაზრის ანალიზის დოკუმენტი შემუშავდება. კვლევა 2023 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს.

“კვლევის ფარგლებში, ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენცია შეფასდება, დადგინდება შესაბამისი ბაზრები და საჭიროების შემთხვევაში კომპანიებისთვის სპეციფიკური ვალდებულებები განისაზღვრება. კვლევის მიზანია, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერები მოიხსნას და გაიზარდოს კონკურენცია. აღნიშნული, ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები, ქსელის მფლობელი ოპერატორები კი მეტად აითვისებენ საკუთარი ქსელის შესაძლებლობებს, რითაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ.

ტელეკომ ბაზარზე არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის შესწავლის მიზნით, კვლევის ფარგლებში ექსპერტები ტელეკომ ოპერატორებს შეხვდნენ, მათ შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართა „ბილაინის“, „სქაიტელის“, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“, „კავკასუს ონლაინის“, „ოუფენ ნეტის“, მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციისა, MVNO ასოციაციის წარმომადგენლებთან და მომხმარებელთა უფლებების დამცველთან. კვლევა, ევროკავშირის დაფინანსებით, AA Facility II-ს მხარდაჭერით ხორციელდება და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ისახავს მიზნად.

ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით, ქართული კანონმდებლობა სრულფასოვნად უნდა დაუახლოვდეს ევროპულს, რისთვისაც აუცილებელია ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ეფექტიანობის და ქსელის საბითუმო ელემენტებზე დაშვების გაუმჯობესების მიზნით ქვეყანამ ჩაატაროს ბაზრის ანალიზი და შეაფასოს რეგულირების მიზნებისთვის სავალდებულოდ შესასწავლი ბაზრები. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ფარგლებში არსებობს რეგულირებადი ბაზრების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია და შესაბამისი ბაზრების განსაზღვრის მეთოდოლოგიური წესები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ევროპის მარეგულირებელმა ორგანოებმა ბაზრის ანალიზისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრისთვის. აღნიშნული რეკომენდაციები არსებითია საქართველოსთვის ევროკავშირის სარეგულაციო ჩარჩოსთან დინამიური აპროქსიმაციის მიზნის მისაღწევად, სრულფასოვანი კვლევა კი აღნიშნული მიზნის განხორციელებას უზრუნველყოფს.

კვლევის კომპლექსურობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მოხდება ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის კონკურენტული გარემოს ანალიზი, რომელიც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. მეორე ეტაპზე დადგინდება მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და აღნიშნული პროცესი 2023 წლის მეორე ნახევარში დასრულდება,”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა 28 მაისს ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩინეთის…
ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთ კვირაში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 89 დოლარს აღწევს,…
2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 2%-ით

2024 წლის სამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 7%-ით გაიზარდა,…

2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. სემეკის…